,,ქართულ ოცნებაში” შს მინისტრის მოადგილე ზურაბ გამეზარდაშვილს განმარტებების გაკეთება მოუწევს. როგორც ირკვევა, მის მიერ გაკეთებულ განცხადებას ლევან გვაზავასთან დაკავშირებით, ლუკა კურტანიძის მწვავე რეაქცია მოჰყვა. საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი საჯაროდ აცხადებს, რომ ,,საკითხი შიგნით გაირკვევა” . მისივე თქმით, არ არის გასაკვირი, რომ ხალხი ხელისუფლებაზე ძალიან გაბრაზებულია.
,,ყველა ტრაგედია თუ უბედური შემთხვევა მტკივნეულია! რათქმაუნდა ის რაც მოხდა ოქროყანაში ადამიანურად მართლაც სამწუხაროა, მითუმეტეს მათი ოჯახის წევრებისათვის . .... მაგრამ არ და ვერ გავიგე ზოგი მინისტრის ფორიაქი და საქვეყნოდ პოზიცის დაფიქსირება! უფრო ვერ გავიგებ შსს მოადგილის შეფასებას ვინ იყო და არის პატიოსანი და უმწიკვლო წარსულის?!... მერაბიშვილის მოადგილის????! ეგებ მერაბიშვილიც უმწიკლოა და ტყვილად ზის ციხეში?!! ამ უაზრო პოზიციების დაფიქსირებისა და შეფასების შემდეგ არ უნდა გაგვიკვირდეს რომ ხალხი ძალიან გაბრაზებულია! დანარჩენს კი შიგნით გავარკვევთ! თან აუცილებლად გავარკვევთ! ისე კი შეგახსენებთ 7 ნოემბერს და 26 მაისს იქ რომ ყოფილიყავით ვნახავდი სად მიხვიდოდით და რა განცხადებას გააკეთებდით! ამ პოზიციას ღიად ვაფიქსირებ რადგან არასოდეს ვღალატობ იმ ღირებულებას რასაც სამშობლოს და ერის მართალი ერთგულება ჰქვია! და ბოლოს მე მარტო არ ვარ ასეთი პოზიციის”.. -წერს ფეისბუქის საკუთარ გვედრზე ლუკა კურტანიძე.
ლევან გვაზავა არის წესიერი კაცი და მასზე მუქარა არ შეიძლებოდა ყოფილიყო, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ზურაბ გამეზარდაშვილმა განუცხადა, რომელიც ინგოროყვას კლინიკაში იმყოფებოდა.
ინგოროყვას კლინიკაში გუშინ ასევე მივიდნენ საქართველოს მოქმედი და ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნები, მათ შორის თავად შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, თბილისის პოლიციის სამმართველოს ყოფილი უფროსი სოსო ალავიძე და "ნაციონალური მოძრაობის" წევრები: გივი თარგამაძე და ლევან თარხნიშვილი.
შემთხვევა გუშინ ოქროყანაში მოხდა. როგორც ახლობლებმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, ლევან გვაზავამ თვითმკვლელობა მას შემდეგ სცადა, რაც საკუთარი იარაღის შემთხვევით გავარდნას მისი დეიდაშვილი, რეზო კალომლეწავი ემსხვერპლა.