კატალონიური ბარსელონასა და არგენტინის ეროვნული ნაკრების ლიდერი ლიონელ მესი ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. საზეიმო ცერემონია მონაკოში გაიმართა. მესის მთავარ კონკურენტებად მისი თანაგუნდელი ლუის სუარესი და მადრიდის რეალის თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ ითვლებოდნენ, თუმცა უეფაში შემავალი 54 ქვეყნის ჟურნალისტთა უმრავლესობამ, რომელთაგანაც ჟიური დაკომპლექტდა, უპირატესობა არგენტინელს მიანიჭა. გასულ წელს ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული რონალდუს ერგო.