ქართულ მხარეს არ უნდა, რომ MAP-ის თემა პოლიტიკური თემა გახდეს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან გამართული შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
,,MAP-ი ტექნიკური ინსტრუმენტია, რომელზეც 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე იყო ლაპარაკი, მაგრამ იქ პოლიტიკურად ითქვა, რომ საქართველო ნატო-ს წევრი გახდება. ანუ, პოლიტიკურ ნაწილში იყო და რჩება სრული, მკაფიობა. ეს ტექნიკური ინსტრუმენტი პოლიტიკური სპეკულაციების თემა არ უნდა გახდეს. ამიტომ, ჩვენ ძალიან ბევრი ნატო-ს შტაბ-ბინასთანაც, მის ხელმძღვანელებთანაც და წევრ სახელმწიფოებთანაც უნდა ვიმუშაოთ, რომ ეს საკითხი რაიმე ტიპის დაბრკოლებად არ იქცეს, ვინაიდან ყველა განწყობილია იმისკენ, რომ ეს არ არის დაბრკოლება და თუ არ არის დაბრკოლება. მოდი, ძალიან მარტივად ეს ამბავი უახლოეს თვეებში, ვარშავის სამიტამდე მოვაგვაროთ, იმიტომ, რომ ჩვენ გვჭირდება არა MAP-ი არამედ წევრობა”, - განაცხადა უსუფაშვილმა.