თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ ქურდობის მუხლით ბრალდებულების: არჩილ მ.-ს, დავით გ.-ს და ლაშა მ.-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა.
საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, წარდგენილი ბრალის თანახმად, არჩილ მ.-ს, დავით გ.-ს და ლაშა მ.-ს ბრალად ედებოდათ ქურდობა, სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი წინასწარ შეთანხმებით, ჯგუფის მიერ; მათ შორის, არჩილ მ.-ს აღნიშნული დანაშაული, ჩადენილი არაერთგზის.
„საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულებმა 2015 წლის 18 იანვარს ქ. თბილისში, წულუკიძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ შპს ”თიბისი ფეის” კუთვნილი ჩასარიცხი აპარატი წინასწარ შეთანხმებით ჯგუფურად დააზიანეს და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლნენ ფულად თანხას (35,5 ლარის ოდენობით).
საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე, ბრალდებულები თავს არ ცნობდნენ დამნაშავედ. საქმეზე ჩატარდა 19 სასამართლო სხდომა, დაიკითხა სულ 19 დაცვისა და ბრალდების მოწმე.
სასამართლომ მიიჩნია, რომ არჩილ მ.-ს, დავით გ.-ს და ლაშა მ.-ს მიმართ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა პირის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა. სასამართლო სხდომებზე პირთა ბრალეულობა შერაცხულ დანაშაულში ვერ იქნა დადასტურებული უტყუარად და გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული სტანდარტით. შესაბამისად, სამივე ბრალდებული სასამართლომ უდანაშაულოდ სცნო და დარბაზიდან გაათავისუფლა“, - აღნიშნულია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სასამართლოს განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.