სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა, ზუგდიდის ერთ-ერთ მარკეტში ფალსიფიცირებული ღვინის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინეს. წითელი ნახევრადტკბილი ღვინო „ქინძმარაული“ (0,75 ლიტრიან მინის ტარაში, ჩამოსხმის თარიღი 20.05.2015) გამოსაკვლევად შპს „ღვინის ლაბორატორიას“ გადაეგზავნა. ლაბორატორიული კვლევით დადგინდა, რომ დასახელებული ღვინო შეიცავს ხელოვნულ საღებავებს და არ შეესაბამება „ტექნიკური რეგლამენტის - ყურძნის ღვინოების წარმოების ზოგადი წესების შესახებ“ მოთხოვნებს, კერძოდ: ნიმუშში დარღვეულია ორგანოლეპტიკური და ფიზიკო-ქიმიური მაჩვენებლები.
სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილმა პირებმა მოიკვლიეს და დაადგინეს, რომ აღნიშნული ღვინო წარმოებულია ი.მ „შალვა საპანაძის“ მიერ, რომელსაც დაევალა მავნე ღვინის ბაზრიდან გამოთხოვა. ღვინის განადგურებაზე ზედამხედველობას სააგენტოს წარმომადგენლები განახორციელებენ.
საქმე შემდგომი რეაგირებისათვის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.