,,თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია ქართულ საზოგადოებას და შეიარაღებულ ძალებს ნატო-საქართველოს ერთობლივი ცენტრის დაფუძნებას ულოცავს. ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ეს წარმატება მიღწეულ იქნა უელსის სამიტზე, სადაც დელეგაციას პრეზიდენტი მარგველაშვილი ხელმძღვანელობდა.
,,იქ იმყოფებოდა საქართველოს დელეგაცია პრეზიდენტ მარგველაშვილის თაოსნობით და გაფორმდა ის არსებითი პაკეტი, რომელმაც შესაძლებელი გახადა დღეს ამ ცენტრის დაარსება. ეს არის მართლაც საქართველოს სახელმწიფოებრიობის გაძლიერებისკენ, ჩვენი თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისკენ, პროფესიული არმიის ჩამოყალიბებისკენ გადადგმული ერთ-ერთი ყველაზე ეტაპობრივი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი", - განაცხადა ალასანიამ.
"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა იმედი გამოთქვა, რომ გაგრძელდება არსებითი პაკეტის სხვა ელემენტების შესრულება და საქართველო იქნება უფრო დაცული და უფრო მზად ყველა გამოწვევისთვის.
ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ცენტრი დღეს გაიხსნება.