ნატოს გენერალური მდივნის ვიზიტს საქართველოში რუსული მედიაც აქტიურად აშუქებს. ვრცელი სტატია სტოლტენბერგის ვიზიტს ინტერნეტ-პორტალმა „გაზეტამ“ მიუძღვნა. „უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე საქართველო, რომელსაც დიდი ხანია ნატოში გაწევრიანება სურს, ალიანსთან კავშირს აღრმავებს. ამას მოწმობს ნატოს გენერალური მდივნის ორდღიანი ვიზიტი საქართველოში და ალიანსის საწვრთნელი ცენტრის გახსნა, რაც ნატოში გაწევრიანებისთვის გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. საქართველო ასევე მონაწილეობას მიიღებს ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების ოპერაციებში, რაც ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია. ნატო საქართველოს რუსული აგრესიის მსხვერპლად განიხილავს. ამას ემატება უკრაინაში განვითარებული მოვლენებიც, რის გამოც ალიანსი საქართველოსთან კავშირს აღრმავებს,“-ნათქვამია სტატიაში.