ქართული მხარე ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერას გაურბის. ამის შესახებ ცხინვალის დეფაქტო ლიდერმა რადიოსადგურ „კომსომოლსკაია პრავდასთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ლეონიდ თიბილოვის თქმით, თუ ხელშეკრულებას ხელი არ მოეწერება, სამხრეთ ოსეთი თბილისთან ნებისმიერ ურთიერთობაზე უარს იტყვის. „განწყობა, რომელიც დღეს საქართველოშია, ფაქიურად არაფრით განსხვავდება იმ განწყობისგან, რომელიც 2008 წლამდე და 2008 წელს იყო. ჩვენ ვთვლით, რომ საქართველო სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ჩადენილი ქმედებების გამო უნდა ნანობდეს და იმის გარანტიას უნდა გვაძლევდეს, რომ 2008 წლის მოვლენები აღარ განმეორდება. ეს კი იმ შემთხვევაში მოხდება, თუ საქართველო ძალის გამოუყენებლობის ხელშეკრულებას მოაწერს ხელს. სწორედ ასე დავაყენეთ საკითხი ჩვენ და აფხაზებმა, მაგრამ ქართული მხარე ყველანაირად ცდილობს ხელშეკრულებას ხელი არ მოაწეროს. თუ თბილისი ამას არ გააკეთებს, ჩვენ არანაირ ურთიერთობაზე და არანაირ მოლაპარაკებებზე არ წავალთ. საქათველო უნდა შეეგუოს არსებულ რეალობას და უნდა აღიაროს ჩვენი რესპუბლიკის დამოუკიდებლობა,“-აღნიშნა თიბილოვმა.