უკრაინელ რეჟისორს, 39 წლის ოლეგ სენცოვს როსტოვის სასამართლომ 20 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მასთან ერთად გაასამართლეს ყირიმელი აქტივისტი ალექსანდრე კოლჩენკო, რომელსაც მოსამართლემ 10 წლიანი პატიმრობა შეუფარდა.
ოლეგ სენცოვს ყირიმში ტერაქტების ორგანიზებაში ადანაშაულებენ. განაჩენის გამოცხადების შემდეგ მათ სასამართლო დარბაზში უკრაინის სახელმწიფო ჰიმნი იმღერეს.
სენცოვიც და კოლჩენკოც მათ წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს უარყოფენ და საკუთარ თავს პოლიტპატიმრებად მოიხსენიებენ.
შეგახსენებთ, უკრაინელი რეჟისორი რუსებმა შარშან მაისში ყირიმის ანექსიის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს დააპატიმრეს. სენცოვს მხარი დაუჭირეს ცნობილმა რეჟისორებმა მაიკლ ლიმ და პედრო ალმოდოვარმა, რომლებმაც კოლეგის გათავისუფლება მოითხოვეს.