,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” სტალინიზმისა და ნაციზმის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს ეხმაურება, რომელიც ევროპაში 2008, ხოლო საქართველოში 2010 წლიდან 23 აგვისტოს აღინიშნება. ეს დღე უკავშირდება 1939 წელს საბჭოთა კავშირსა და ნაცისტურ გერმანიას შორის მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის ხელმოწერის თარიღს.
,,კაცობრიობის ისტორიაში ორი ყველაზე დანაშაულებრივი რეჟიმის ალიანსმა საქართველოს ისტორიაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. 1939 წლისთვის ჩვენი ქვეყანა უკვე 18 წლის განმავლობაში იყო ოკუპირებული და საბჭოთა საოკუპციო რეჟიმს უკვე განხორციელებული ჰქონდა ძირითადი რეპრესიები, (რის შედეგადაც ფიზიკურად განადგურდა საქართველოს პოლიტიკური, სამხედრო, სასულიერო და ინტელექტუალური ელიტები ისევე როგორც ათეულ ათასობით მოქალაქე). მიუხედავად ამისა, პაქტის ხელმოწერამ და ევროპულ პოლიტიკაში გავლენის სფეროთა ცნების მყარად დამკვიდრებამ, საბჭოთა იმპერიაში ჩვენი ყოფნა კიდევ 50 წლით გაახანგრძლივა.
მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი განასახიერებს იმას, რასაც საქართველო ჯერაც ებრძვის და რის დაკანონებასაც რუსეთის მმართველნი კვლავაც ჯიუტად ცდილობენ. „პრივილეგირებული გავლენის სფეროს” აღიარებისა და მეზობელი სახელმწიფოს განვითარების გზის შეცვლა კრემლის საქმიანობის მთავარი ფოკუსია როგორც საერთაშორისო ასპარეზზე ასევე საქართველოს შიგნით. სამწუხაროდ, ოკუპანტი სახელმწიფო ღია და ფარული მოკავშირეების ნაკლებობას არ განიცდის.
საბჭოთა წარსულთან და მის სიმბოლოებთან მკაფიო და არაორაზროვანი დამოკიდებულება, მისი სათანადო გააზრება საერთო ევრპოპულ კონტექსტში აუცილებელი წინაპირობაა დამოუკიდებელ, ძლიერ და წარმატებულ ევროპულ საქართველოსთვის მებრძოლი არაერთი თაობის იდეათა საბოლოოდ ხორცშესასხმელად” - ნათქვამია განცხადებაში.