რუსეთ-საქართველოს ომის შვიდი წლისთავთან დაკავშირებით, ესტონეთში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, საჯარო ღონისძიება გაიმართა. ესტონეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თეა ახვლედიანმა, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. ელჩმა საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მდგომარეობის კვარტალური ანგარიშების პრეზენტაცია გამართა. თეა ახვლედიანმა დამსწრე საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა რუსეთის ფედერაციის მხრიდან 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევებსა და საქართველოს ტერიტორიების მცოცავი ანექსიის პოლიტიკაზე.
ღონისძიების ფარგლებში რუსეთ-საქართველოს ომის შვიდი წლისთავისადმი მიძღვნილი ფოტო გამოფენა გაიმართა.
საქართველოს საელჩოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას ესტონეთის პოლიტიკური წრეების, არასამთავრობო ორგანიზაციების, აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და ჟურნალისტები დაესწრნენ.