3 მაისი ქართველი მწერლის, მეოცე საუკუნის კლასიკოსის კონატანტინე გამსახურდიას დაბადების დღეა. კონსტანტინე გამსახურდია 1893 წლის 3 მაისს, აბაშის რაიონის სოფელ ძველ აბაშაში დაიბადა. 1911 წელს დაამთავრა ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზია. სწავლობდა პეტერბურგის, კენიგსბერგის, ლაიფციგის, მიუნხენის, ბერლინის უნივერსიტეტებში.
1919 წელს დაამთავრა ბერლინის უნივერსიტეტი. მოიპოვა ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი. აქტიურად მონაწილეობდა ევროპაში ჩამოყალიბებული „საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტის" მუშაობაში.
1918 წლიდან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ბერლინის საელჩოს ატაშეა.
გამსახურდიამ სამწერლო მოღვაწეობა დაიწყო, როგორც პოეტმა და პუბლიცისტმა. პირველი ლექსი გამოაქვეყნა 1909 წ. წერდა კ. აბაშისპირელის ფსევდონიმით.
XX საუკუნის 10-20-იანი წლების მიჯნაზე რედაქტორობდა პერიოდული გამოცემებს: "პრომეთე", „ლომისი" (გ.ტაბიძესა და ლ.ქიაჩელთან ერთად), "ილიონი", „საქართველოს სამრეკლო", „ქართული სიტყვა", ხელმძღვანელობდა მწერალთა აკადემიურ ჯგუფს.
კონსტანტინე გამსახურდიამ ავტორია რომანებისა: „დიონისოს ღიმილი", „მთვარის მოტაცება", „გოეტეს ცხოვრების რომანი", „დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა", „დავით აღმაშენებელი", „ვაზის ყვავილობა", აგრეთვე ნოველების, ნარკვევებისა და ესეებისა.
ეწეოდა მთარგმნელობით საქმიანობას. ნათარგმნი აქვს _ გოეთეს „ახალგაზრდა ვერთერის ვნებანი", დანტეს „ღვთაებრივი კომედია" (I ნაწილი - „ჯოჯოხეთი" კ. ჭიჭინაძესთან ერთად თარგმნა), რემარკის „დასავლეთის ფრონტი უცვლელია" და სხვა.
1944 წ. აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრად. 1965 წ. ტეტრალოგიისათვის „დავით აღმაშენებელი", მიენიჭა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია.
გარდაიცვალა 1975 წელს. დაკრძალულია თბილისში, კოლხური კოშკის ეზოში.