დღეს, 3 მაისს, 15:00 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება. სხდომის დღისწესრიგი დაზუსტებული არ არის, თუმცა ცნობილია, რომ დღევანდელ ბიუროზე ოპოზიციონერი დეპუტატი გიორგი ცაგარეიშვილი საარჩევნო დანაშაულზე კანონის გამკაცრების წინადადებას კვლავ დააყენებს.
როგორც ცაგარეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, იმ შემთხვევაში, თუ მას იურიდიული კომიტეტის მსგავსად ბიუროც კანონპროექტის განხილვაზე უარს ეტყვის, მაშინ ის დოკუმენტის პირდაპირ პლენარულ სხდომაზე განხილვას მოითხოვოს.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ცაგარეიშვილი ყველა ტიპის საარჩევნო დანაშაულზე სანქციების გაზრდას მოითხოვს. დეპუტატმა შესაბამისი კანონპროექტის ინიცირება პარლამენტში თებერვლის ბოლოს მოახდინა და ბიურომ მისი განხილვის გრაფიკიც გაწერა, თუმცა, გაურკვეველი მიზეზების გამო, იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტი კანონპროექტის განხილვაზე ჯერჯერობით ისევ უარს ამბობს.