18 აგვისტოს, საბაჟო გამშვები პუნქტის „წითელი ხიდის“ კონტროლის ზონაში, აზერბაიჯანის მხრიდან შემოვიდა აზერბაიჯანის მოქალაქე ტ.ბ., რომლის კუთვნილი ხელბარგისა და ფიზიკური დათვალიერების შედეგად შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა 24 აბი ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი TRAMADOL აღმოაჩინეს. საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა კრიმინალურ პოლიციას.
ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას შემოტანას შეეცადა 18 აგვისტოს, თურქეთის მოქალაქე დ.ა. საბაჟო გამშვებ პუნქტზე „სარფი“. მის კუთვნილ ავტომანქანაში შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მებაჟე ოფიცრებმა, სამსახურებრივი ძაღლის დახმარებით, 1,33 გრამი მარიხუანა აღმოაჩინეს. საქმე შემდგომი გამოძიების მიზნით გადაეცა საქართველოს შსს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარ სამმართველოს.
ნარკოტიკული ნივთიერების შემოტანის ფაქტები გამოვლინდა გზავნილებშიც. კერძოდ, 13 აგვისტოს გაფორმების ეკონომიკური ზონის, „აეროპორტის“, ტერიტორიაზე ჩინეთიდან შემოტანილ გზავნილში, რომლის მიმღებია შპს „ტ.“, აღმოჩენილ იქნა ე.წ. „ბიო“, 5 გრამის ოდენობით, ხოლო 15 აგვისტოს, იტალიიდან შემოტანილ გზავნილში, რომლის მიმღებია ფიზიკური პირი ნ.რ., 304 კაფსულა მედიკამენტი LYRICA 75mg აღმოაჩინეს. აღნიშნული ფაქტების თაობაზე ეცნობა შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს.