დღეს, 3 მაისს, საერთაშორისო საზოგადოება პრესის თავისუფლების დღეს აღნიშნავს. პრესის თავისუფლების დღე 1993 წელის 21 დეკემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ დაარსდა.
აღნიშნულს საფუძვლად დაედო 1991 წლის 3 მაისს აფრიკელი ჟურნალისტების მიერ ნამიბიის დედაქალაქ ვინდჰუკში რეგიონალურ სემინარზე მიღებული დეკლარაცია, რომელიც შეეხებოდა დამოუკიდებელი და პლურალისტული მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა ხელშეწყობას. ე.წ. "ვინდჰუკის დეკლარაცია", მოუწოდებს ქვეყნების მთავრობებს პრესის თავისუფლებისა და მისი დემოკრატიული ხასიათის უზრუნველყოფას.
იმის გათვალისწინებით, რომ დღემდე ჟურნალისტის პროფესია ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო პროფესიად მიიჩნევა გაეროს გენერალური მდივანი პან გი მუნი მსოფლიოს ყველა ქვეყანას ჟურნალისტების მკვლელობაში ბრალდებულების დასჯისაკენ მოუწოდებს.
პან გი მუნი ასევე აცხადებს, რომ გასულ წელს მთელი მსოფლიოს მასშტაბით მასობრივი ინფორმაციის საშუალებების 99 წარმომადგენელი დაიღუპა.
"უკვე დადასტურებულია, რომ მათი უმრავლესობა თავისი პროფესიული მოვალეობის შესრულებისას დაიღუპა. დაუსჯელობა კი ხელს უხსნის დამნაშავეებს და აქეზებს მათ" _ ნათქვამია პან გი მუნის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უნდა აღინიშნოს, რომ პრესის თავისუფლების ხარისხი მსოფლიოში ჯერაც არ არის საკმარისად მაღალი. Fრეედომ Hოუსე -ის მიერ გამოქვეყნებული მორიგი ყოველწლიური კვლევის მიხედვით, მსოფლიოში პრესის თავისუფლება დაფიქსირებულია 69 ქვეყანაში, ნაწილობრივ თავისუფალია 64 ქვეყანა, ხოლო მედიის თავისუფლება არ არსებობს 63 ქვეყანაში.
საქართველო კვლევაში "ნაწილობრივ თავისუფალი" ქვეყნების კატეგორიაშია და 59 ქულით 126-ე ადგილს ჰონდურასთან, ნეპალთან და პარაგვაისთან ერთად იყოფს.
აღსანიშნავია, რომ საქართველო შარშანდელთან შედარებით ორი ადგილით დაწინაურდა, რადგან 2009 წელს გამოქვეყნებულ მსგავს კვლევაში, საქართველოს 60 ქულით, 128 ადგილი ეკავა.
რეიტინგის პირველი ათეული კი ასე გამოიყურება: ფინეთი, ისლანდია, ნორვეგია, შვედეთი, დანია, ბელგია, ლუქსემბურგი, ანდორა, შვეიცარია და ლიხტენშტეინი.
ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან საუკეთესო პოზიციაზეა ესტონეთი, რომელიც მე-19 ადგილს გერმანიასთან იყოფს. ლიტვა კი - 32-ეა ლატვია 55-ე.
ამერიკის შეერთებული შტატები ამ რეიტინგის სიაში 25-ე ადგილზე იმყოფება. დიდი ბრიტანეთი _ 29-ზე, საფრანგეთი 41-ზე, ესპანეთი _ 50-ზე, ისრაელი 64-ზე.
უნდა აღინიშნოს, რომ იმ ქვეყნების სიას, რომლებიც "თავისუფალი ქვეყნების" კატეგორიაში მოხვდნენ, სამხრეთ კორეა ასრულებს.
"ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყნებში" მოხვდნენ 75-ე ადგილით იტალია, 76-ე ადგილით ბურგარეთი, 89-ე ადგილით ბრაზილია. თურქეთი კი რეიტინგში 106-ე ადგილზეა.
"ნაწილობრივ თავისუფალი" ქვეყნების სიაში მოხვდა კოსოვოც, რომელიც უკრაინასთან ერთად 108-ე ადგილს იყოფს. ამ კატეგორიაში ყველაზე ბოლო ადგილზე მექსიკა აღმოჩნდა, რომელიც საერთო რეიტინგში 133-ე პოზიციაზეა.
რაც შეეხება იმ ქვეყნებს, სადაც მედია არათავისუფალია, ასეთ კატეგორიაში აღმოჩნდნენ მოლდოვა, რომელიც ერაყთან ერთად 144-ე ადგილს იყოფს, 146-ე ადგილზეა სომხეთი, 170-ზე ყაზახეთი, 171-ზე ტაჯიკეთი, ხოლო აზერბაიჯანი რეიტინგში 172-ე ადგილზეა. რუსეთი რეიტინგში 175-ე ადგილს გამბიასთან ერთად იყოფს. მას ერთი საფეხურით უსწრებს კონგო, ხოლო მის შემდეგ მოდის ვიეტნამი. ჩინეთმა წლევანდელ რეიტინგში 181-ე ადგილი დაიკავა, ირანმა 187-ე, უზბეკეთმა კი 190-ე.
რეიტინგის ბოლოში აღმოჩნდნენ 194-ე ადგილით ბირმა, 195-ე პოზიციით თურქმენეთი, ხოლო სიის ბოლო ადგილზეა ჩრდილოეთ კორეა _ 196-ე ადგილი.