პოლონეთის ორი მოქალაქე ირწმუნება, რომ 1945 წელს ვროცლავთან დაკარგული მატარებელი აღმოაჩინეს, რომლითაც გერმანელ ნაცისტებს ოქრო და ძვირფასეულობა გადაჰქონდათ. ინფორმაციის გასაჯაროების სანაცვლოდ ისინი განძის 10 პროცენტს ითხოვენ. ქალაქ ვალბჟიხის ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ შესაბამისი განცხადებით მუნიციპალიტეტს იურიდიულმა ფირმამ მიმართა, რომელიც განძის აღმომჩენთა ინტერესებს წარმოადგენს. დაუდასტურებელი ინფორმაციით, 1945 წლის მაისში გერმანელებმა ბრესლაუდან (ამჟამინდელი ვროცლავი) განძის გატანა მატარებლით სცადეს. მატარებელი კსენჟის ციხესიმაგრესთან მდებარე გვირაბში შევიდა და მას შემდეგ არავის უნახავს. გვირაბი მალევე დახურეს, დაკარგული მატარებლის შესახებ კი მხოლოდ ლეგენდები დარჩა.