საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქართველი ბავშვების დახმარებისთვის ლიტვას მადლობას შეერთებული შტატებიდან უხდის.
"არსებობს რაღაც ძალა, რაც სხვადასხვა ერებს აერთიანებს, მაგრამ ზოგჯერ ერებს შორის არსებობს გამორჩეული და განსაკუთრებული კავშირი. საქართველოსა და ლიტვას შორის სწორედ ასეთი განსაკუთრებული კავშირია. არასდროს დაგვავიწყდება, როგორ ვიბრძოდით საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ და გვახსოვს ისიც, როგორ ჩამოვიდა ლიტვის პრეზიდენტი აგვისტოს ომის დროს ჩვენს მხარდასაჭერად", - განაცხადა აშშ-ში მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაზარალებულ ბავშვებს ლიტვა 100 ათასი ევროთი დაეხმარება.
აღნიშნულთან დაკავშირებით ვილნიუსში გუშინ უპრეცენდენტო, 4 საათიანი ტელემარათონი გაიმართა, რომელშიც ცნობილი ლიტველი მომღერლები, მსახიობები, მეცნიერები და სხვადასხვა პროფესიის ადამიანები მონაწილეობდნენ.
ტელემარათონისას სულ 271 ათასი ზარი შევიდა. თანხა ამჟამად ხაშურის რაიონში მცხოვრებ 52 დევნილ ბავშვს მოხმარდება, რომელთაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ.