რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის 7 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს ელჩი გაეროში კახა იმნაძე გაეროს გენერალურ მდივანს ბან კი-მუნს შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა აგვისტოს ომის შემდგომი პოლიტიკური და ჰუმანიტარული ვითარება, რუსეთის ფედერაციის პოლიტიკა საქართველოს მიმართ 2008 წლის ომის შემდგომ, ასევე, რუსეთის ფედერაციის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის 6-პუნქტიანი შეთანხმების დარღვევის ფაქტები. ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ საქართველოსგან განსხვავებით, რუსეთის ფედერაცია კვლავაც არ ასრულებს შეთანხმების ხელმოწერით აღებულ ვალდებულებებს.
საგარეო უწყების ინფორმაციით, საქართველოს ელჩმა გენერალურ მდივანს ინფორმაცია მიაწოდა რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მიმართ წარმოებული ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკის შესახებ. კახა იმნაძემ ასევე ისაუბრა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართებისა და „საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერების დამონტაჟების პროცესისა და მისი შედეგების თაობაზე.
მხარეებმა დაადასტურეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების არსებული ფორმატის მნიშვნელობა და ხაზი გაუსვეს გაეროს, როგორც ერთ-ერთი თანა-თავმჯდომარის, როლს პროცესის უფრო ეფექტიანად წარმართვისათვის.
შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული სავალალო მდგომარეობაზე და შეთანხმდნენ გაეროს შესაბამის სააგენტოებსა და საქართველოს მთავრობას შორის მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე.