რუსეთი დონბასში მაშტაბურ პროვოკაციას გეგმავს, რომელსაც ბოინგის კატასტროფის ანალოგიურად, მრავალრიცხოვანი მსხვერპლი მოყვება. ამის შესახებ უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანმა ალექსანდრ ტურჩინოვმა განაცხადა.
„რუსეთის სპეცსამსახურები, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადამიანების მასობრივი თავშეყრის ადგილების შერჩევას ახდენენ. მათ შორის საბავშვო ბაღების, სასწავლო დაწესებულებების, საცხოვრებელი სახლების და ამუშავებენ ტერაქტების ორგანიზების სცენარებს“, - განაცხადა ტურჩინოვმა.
მისი თქმით, რუსეთის ხელისუფლება მიზნად ისახავს ტერაქტის დროს დაიღუპოს ბევრი ადამიანი, ანალოგიურად, როგორც ეს მოხდა ბოინგის კატასტროფის დროს.
ტურჩინოვმა აღნიშნა, რომ პროვოკაცია იგეგმება „კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენაში უკრაინის ცენტრალური ხელისუფლებისთვის ბრალის შესათითხნად“, რათა საერთაშორისო დონეზე მოხდეს უკრაინის ხელისუფლების წინააღმდეგ პასუხისმგებლობის საკითხის ინიცირება.
„ამ სისხლიანი დანაშაულის ჩადენას გეგმავენ უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებად შენიღბვით, მათივე მოწყობილი პროვოკაციების საპასუხოდ“, - განაცხადა უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ამ დანაშაულით მოსკოვი შეეცდება საერთაშორისო თანამეგობრობას „დაავიწყოს“ ბოინგის კატასტროფის ფაქტი., რომელიც რუსეთის მიერ იყო ორგანიზებული.