უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინი კმაყოფილებას გამოთქვამს საქართველოში სტუმრობასთან დაკავშირებით. როგორც მან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ამაყი და ბედნიერია, რომ კიდევ ერთხელ ჩამოვიდა თბილისში.
"ეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისთვის და ქართველი ხალხისთვის ლამაზი მომენტია. მე ვიცი თუ რამდენი გააკეთა მთავრობამ და ფედერაციამ იმისთვის, რომ ყველაფერი კარგად ჩატარდეს. ხვალ იქნება ლამაზი თამაში. მადლობა, რომ მასპინძლობთ ამ ორ გუნდს. მე ვარ ამაყი და ბედნიერი, რომ კიდევ ერთხელ ჩამოვედი თბილისში", - აღნიშნა მიშელ პლატინიმ.
მას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა და ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი რეზი არველაძე დახვდნენ.
მიშელ პლატინი ხვალ სუპერთასის მატჩის მონაწილე გუნდებს დააჯილდოებს. მიშელ პლატინთან ერთად საქართველოს ეწვია კიევის "დინამოს" პრეზიდენტი, უეფას აღმასრულებელი კომიტეტის წევრი, გრიგორი სურკისი.
უეფას სუპერთასის მატჩი „ბარსელონასა“ და „სევილიას“ შორის 11 აგვისტოს, „დინამო არენაზე“, თბილისის დროით 22:45 წუთზე გაიმართება.