სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მრევლს მოსიარულე ბიბლიოთეკისთვის წიგნების შეგროვება სთხოვა.
სამების საკათედრო ტაძრის ეზოდან „მოსიარულე ბიბლიოთეკა“ რაჭის მიმართულებით უკვე გაემგზავრა. მსახურების დასრულების შემდეგ, პატრიარქმა პროექტის დაწყება დალოცა და წიგნები მოსიარულე ბიბლიოთეკას გადასცა.
„დღეს ჩვენმა ახალგაზრდებმა უნდა წაიღონ წიგნები რაჭაში. ვისაც გაქვთ საშუალება და ზედმეტი წიგნები გაქვთ, შეგიძლიათ შემოგვწიროთ და ჩვენ გავანაწილებთ რაიონებში“, - ბრძანა პატრიარქმა.
პროექტის ფარგლებში წიგნების შეგროვების პროცესი მთელი თბილისის მასშტაბით მიმდინარეობს. სპეციალური ყუთები განთავსებულია „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებზე, სუპერმარკეტების ქსელ „სმარტის“, ამერიკული რესტორნების ქსელ „ვენდის“ და “დანქინ დონატსის” რესტორნებში. ასევე, ყუთები განთავსებულია ტაძრებში - წმინდა სამების საკათედრო ტაძარი, ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი, დიდუბის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი.