ექსპერტ ნიკა ჩიტაძის შეფასებით, რუსეთი უკრაინის დაშლას ვერ შეძლებს.
"რუსეთი შეცდება, რომ უკრაინის დასუსტების პროცესს ხელი შეუწყოს, მით უმეტეს, რომ უკრაინაში უკვე არსებობს ფედერაციული წარმონაქმნი ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის სახით, რომელსაც საკუთარი კონსტიტუცია, დროშა, გერბი აქვს და პარლამენტი ჰყავს. ფედერალური მოწყობის შესახებ ინიციატივის გაჟღერებაში არ არის გამორიცხული რუსეთის ხელი ერიოს, რადგან უკრაინა ინტერესებში ეს არ შედის", - აღნიშნა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას ჩიტაძემ.
ექსპერტის შეფასებით, რუსეთი ეცდება დასავლეთ და აღმოსავლეთ უკრაინის გამიჯვნას, თუმცა ამის განხორციელება რთული იქნება.
"რუსეთი შეეცდება საზოგადოებაში განხეთქილება შეიტანოს, თუმცა რამდენადაც სიმპათიით არ უნდა იყოს განწყობილი დღევანდელი უკრაინის ხელისუფლება რუსეთის მიმართ, საბოლოო სიტყვა მაინც უკრაინელ საზოგადოებას ეკუთვნის. როგორც გახსოვთ, ჯერ კიდევ "ნარინჯისფერი რევოლუციის" დროს ცდილობდა კრემლი, რომ დონეცკის, ოდესის და ლუგანსკის ოლქის მეთაურები გადაებირებინა და ხელისუფლებისთვის დაუმორჩილებლობა გამოეცხადებინათ, ამას აკეთებდა 90-ანი წლების დასაწყისში ყირიმის ნახევარკუნძულზედაც, სადაც სეპარატიზმის გამწვავებას ცდილობდა", - აღნიშნა ჩიტაძემ.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის ვიცე-პრემიერი რეგიონალური პოლიტიკის საკითხებში ვიქტორ ტიხონოვი უკრაინის ფედერალიზაციის ინიციატივით გამოდის.
"თუმცა, მიუხედავად ამისა, ტერიტორიული ორგანიზაციის მოწყობის მრავალი საკითხი გადაუწყვეტელი დარჩა. პრაქტიკამ გვაჩვენა, რომ თანამედროვე მოდელი ვერ პასუხობს თანამედროვე სტანდარტებს", _ აცხადებს ტიხონოვი.
უკრაინის ვიცე-პრემიერი ასევე აღნიშნავს, რომ ხელისუფლების დეცენტრალიზაციის შესახებ ამოცანის გადაწყვეტა, მთავრობის წევრების წინაშე პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა დააყენა. თუმცა, მისი თქმით, ეს ერთი თვის საქმე არ არის.
ამასთან, ჯერ კიდევ 2007 წელს რეგიონების პარტია აცხადებდა, რომ მზადაა უმაღლეს რადაში კონსტიტუციის ცვლილებების უკვე მზა პროექტი შეიტანოს, რომელიც ხელისუფლების დეცენტრალიზაციას ითვალისწინებს.
უკრაინის კონსტიტუციის მეორე მუხლის მიხედვით, უკრაინა უნიტარული სახელმწიფოა.