„ისლამური სახელმწიფოს“ ორმა გერმანულენოვანმა მებრძოლმა, გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის მიმართ, მუქარის შემცველი ვიდეომიმართვა გაავრცელა.
გერმანული გამოცემა Focus-ის ინფორმაციით, ვიდეომიმართვა სავარაუდოდ, სირიის ქალაქ პალმირშია ჩაწერილი.
ვიდეომიმართვაში, ორი მებრძოლი, გერმანულ ენაზე მიმართავს „ძმებს და დებს“ და მოუწოდებს მათ, შეუერთდნენ ისლამური სახელმწიფოს ბრძოლას ავსტრიასა და გერმანიაში ურჯულოთა გასანადგურებლად.
მიმართვაში ერთი მებრძოლი აცხადებს, რომ შურს იძიებენ ანგელა მერკელზე, რომელიც წინააღმდეგობას უწევს „ხალიფატს“ და ასევე გერმანიის მიერ ავღანეთში სამხედრო კონტინგენტის გაგზავნის გამო.
ბოლო მონაცემებით, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის 450 მოქალაქე ერაყსა და სიარიაში გაემგზავრა. მრავალი მათგანი ISIS-ის წევრი გახდა. 150 ადამიანი გერმანიში დაბრუნდა.