ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მერობის კანდიდატების წარდგენის ვადა ამოიწურა. ოფიციალური ინფორმაციით, 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, თბილისში ერთმანეთს 9 კანდიდატი დაუპირისპირდება.
ესენია "ნაციონალური მოძრაობიდან" - გიგი უგულავა, "ეროვნული საბჭოდან" ზვიად ძიძიგური, "საქართველოს დემოკრატიული პარტიიდან" დავით იაკობიძე, "სახალხო დემოკრატებიდან" ნიკა ივანიშვილი, "მომავალი საქართველოდან" გიორგი ლაღიძე, "ალიანსი საქართველოდან" ირაკლი ალასანია, "ქრისტიან-დემოკრატებიდან" გია ჭანტურია, "მრეწველებიდან" გოგი თოფაძე და პარტია "სოლიდარობიდან" თამაზ ვაშაძე.
დღეს, 18:00 საათზე ამოიწურა პოლიტიკური პარტიების მიერ ცესკოში საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებისა და პროპორციული სიების წარდგენის, ასევე პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების მიერ საარჩევნო ოლქებში, კერძოდ, ოზურგეთში, გურჯაანსა და დიდუბეში მაჟორიტარი კანდიდატები წარდგენის ვადაც.
ცესკოს ინფორმაციით, არჩევნებში მონაწილეობას სულ 13 პარტია მიიღებს. ბოლო წუთს შეცვალეს გადაწყვეტილება და საარჩევნო ბრძოლას გამოეთიშნენ ჯონდი ბაღათურიას "ქართული დასი" და ირაკლი ოქრუაშვილის მოძრაობა "ერთიანი საქართველოსთვის".