სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს ექნებათ ვალდებულება, ოჯახში ძალადობის მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია შეატყობინონ შესაბამის ორგანოებს, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის განხილვისას განაცხადა.
ცვლილებები მიზნად ისახავს ქალთა წინააღმდეგ , ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ სტამბულის კონვენციის რატიფიკაციასთან დაკავშირებით, საქართველოს კანონმდებლობის კონვენციის დებულებებთან შესაბამისობაში მოყვანას.
მინისტრის განმარტებით, იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი ოცამდე კანონს შეეხება, რომლის მიზანია, სტამბოლის კონვენციის რატიფიკაცია აღნიშნული რეფორმის შედეგად უკვე სექტემბერში მოხდეს.
"ჩვენ გვინდა, რომ მაგალითად სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს, იქნება ეს სკოლაში, თუ სკოლის მიღმა, ჰქონდეთ ვალდებულება - როდესაც ხედავენ, რომ ადამიანი, ვისთანაც მათ აქვთ შეხება, არის ან შეიძლება იყოს ოჯახში ძალადობის მსხვერპლი, მით უმეტეს ბავშვის შემთხვევაში, შეატყობინონ ეს შესაბამის ორგანოებს”, - განაცხადა მინისტრმა.
მისივე თქმით, შემოდის ისეთი ცნებაც, როგორიც არის ადევნება, რომლის მსხვერპლიც შეიძლება იყოს როგორც ქალი, ასევე მამაკაცი.
"გარდა ამისა, ჩვენ ხელმეორედ გავხსენით დისკუსია ნაადრევ ქორწინებასთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, შარშან მივიღეთ სამაგალითო გამკაცრება სისხლის სამართლის კოდექსში, რომლის მიხედვითაც, ცხრა წლამდე პატიმრობაა განსაზღვრული მათთვის, ვინც 16 წლამდე გოგონას მოიყვანს ცოლად. ჩვენ ახლა ვფიქრობთ, ხომ არ უნდა ვიმსჯელოთ სხვა კუთხითაც, რომ მამაკაცები, განსაკუთრებით პრობლემა დგას თბილისში, ბათუმსა და მარნეულში, იყვნენ ინფორმირებული და გაიგონ, რომ არ შეიძლება 16 წლამდე გოგონას ცოლად მოყვანა", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
მისივე თქმით, აღნიშნულ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის განხილვა სექტემბრიდან უკვე რეგიონებში გაგრძელდება.