ფრაქცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები საქართველოში სტუმრად მყოფ ევროპის სოციალისტური პარტიის ხელმძღვანელ პირებსა და ახალგაზრდა ლიდერებს შეხვდნენ.
შეხვედრა პარლამენტის პირველი რესპუბლიკის დარბაზში გაიმართა, სადაც 1919 წლის 14 თებერვალს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების და ქართველი სოციალ-დემოკრატების ისტორიული ფოტოებია განთავსებული. ამასთან დაკავშირებით, სტუმრებს ფრაქციის თავმჯდომარე, გიორგი ვოლსკი ესაუბრა. მან საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერების: ნოე ჟორდანიას, ექვთიმე თაყაიშვილის, კარლო ჩხეიძის პარტიული მოღვაწეობისა და ემიგრაციის მოკლე ისტორია გააცნო.
პარლამნეტის ინფორმაციით, შეხვედრაზე გიორგი ვოლსკიმ პარლამენტის სტრუქტურაზე ისაუბრა.
მისი თქმით, საქართველოში სახელისუფლებო გუნდი კოალიციის სახითაა წარმოდგენილი, რომელშიც, მართალია, სხვადასხვა იდეოლოგიის მქონე ხუთი პარტია შედის, მაგრამ მათ აქვთ სოციალურ სამართლიანობასა და სოციალურ სოლიდარობაზე დამყარებული საერთო ძირითადი პრინციპები.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მანანა კობახიძემ რეგიონსა და ქვეყანაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური მდგომარეობა გააცნო სტუმრებს. მან, ასევე, ბოლო წლებში საქართველოში ჯანდაცვის, სოციალური, სასოფლო-სამეურნეო, განათლებისა და მეცნიერების სფეროში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების შესახებ ისაუბრა. კობახიძის შეფასებით, ეს შეხვედრა მნიშვნელოვანია, რადგან „ქართული ოცნება“ სულ ახლახან გახდა ევროპის სოციალისტთა დამკვირვებელი წევრი.
„ევროპაში ძალიან ძლიერია სოციალ-დემოკრატიული ფრთა და იმის გამო, რომ ძირითადად სოცილურ სოლიდარობაზე, სოციალურ სამართლიანობაზე ვართ ორიენტირებულნი, ჩვენ ეს ოჯახი ავირჩიეთ და მასში გავწევრიანდით. ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი თანამშრომლობა საერთაშორისო დონეზე მაშინ, როცა ვსაუბრობთ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე, ევროპარლამენტზე, ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე - იმ საერთაშორისო ორგანიზაციებზე, სადაც სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტებიდან სწორედ სოციალისტური ფრთიდან არიან ძლიერად წარმოდგენილნი“, - განაცხადა მანანა კობახიძემ.
ევროპის სოციალისტური პარტიის ხელმძღვანელ პირებსა და ახალგაზრდა ლიდერებთან შეხვედრაში, ასევე, მონაწილეობდა ფრაქცია „ქართული ოცნების“ მოწვეული სპეციალისტი და, ამავდროულად, პარტიის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების ხელმძღვანელი, დიმიტრი ცქიტიშვილი, რომელმაც საქართველოში ხელისუფლების მშვიდობიანი გზით შეცვლის შემდეგ დაწყებულ და განხორციელებულ რეფორმებზე გაამახვილა ყურადღება. მისი ინფორმაციით, გაიზარდა მოქალაქეების ხელმისაწვდომობა ჯანდაცვის სერვისებზე, ასევე, გაიზარდა სოციალური სფეროს ასიგნებები, კერძოდ, 43%-ით, ხოლო განათლებისა და მეცნიერების ასიგნებები - 36%-ით. „ჩვენ ფოკუსირებას ვახდენთ ეკონომიკურ ზრდაზე, სამუშაო ადგილების შექმნაზე, მცირე მეწარმეების მხარდაჭერაზე“, - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.
დეპუტატებმა სტუმრების შეკითხვებსაც უპასუხეს, რომელებიც, ძირითადად, გასულ - 2012 წლის და მომავალ - 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს შეეხებოდა.