დუშეთში აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრები მცხეთა - მთიანეთის რეგიონის მოსახლეობას ხვდებიან, სადაც რეგიონის აგრარულ სექტორში არსებულ პრობლემებს იხილავენ.როგორც აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გელა სამხარაულმა განაცხადა, კომიტეტი აგრძელებს ქვეყნის რეგიონების მოსახლეობასთან შეხვედრების ციკლს, რომლის მიზანსაც ადგილებზე სოფლის მეურნეობაში არსებული მდგომარეობის შესწავლა და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება წარმოადგენს.
მისი თქმით, მერვე მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ამოწურვამდე, კომიტეტის წევრები ყველა რეგიონს ესტუმრებიან და არსებულ პრობლემებს გაეცნობიან.
კანონმდებლებთან შეხვედრას მცხეთა-მთიანეთის გუბერნიის ხელმძღვანელობა, რაიონების გამგებლები და ფერმერები ესწრებიან.
შეკრებილებს მიმართა სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნოდარ კერესელიძემ, ახლა კი სამინისტროს სხვადასხვა სამსახურების ხელმძღვანელები წარმოადგენენ ინფორმაციას სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარე სამუშაოების შესახებ. შეხვედრა ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
ღონისძიება ორგანიზაცია „ოქსფამის“ და სოფლის თემთა განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ხორციელდება.