საქართველოს მხრიდან რაიმე ახალ გადაწყვეტილებაზე საუბარი არ არის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ ევროკავშირის საბჭოს მიერ,19 ივნისს გახანგრძლივებულ სანქციებთან დაკავშირებით განაცხადა.
„ევროკავშირის საბჭოს მიერ სხვადასხვა დროს რუსეთის მიმართ, უკრაინის მოვლენების გამო, დაწესდა 12 სხვადასხვა სახის სანქცია. საქართველო შარშან, 23 ივნისს, მიუერთდა ერთ სანქციას - ყირიმსა და სევასტოპოლში (უკრაინა) წარმოებულ საქონელზე ექსპორტის კუთხით. ამჟამად, 19 ივნისს მოხდა აღნიშნული გადწყვეტილების ავტომატურ რეჟიმში, კიდევ ერთი წლით გაგრძელება", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
საქართველომ ყირიმისა და სევასტოპოლს უკანონო ანექსიის გამო, ევროკავშირის მიერ შემოღებული სანქციების გაგრძელებას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის დეკლარაციაში.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევროპული საბჭოს 19 ივნისის გადაწყვეტილებას ყირიმისა და სევასტოპოლის რუსეთს მიერ ანექსიის გამო გასულ წელს შემოღებული სანქციების ერთი წლით გახანგრძლივების შესახებ მხარი ევროკავშირის არაწევრმა ექვსმა ქვეყანამ დაუჭირა - მათ შორის მონტენეგრომ, ალბანეთმა, ისლანდიამ, ლიხტენშტეინმა, ნორვეგიამ, უკრაინამ და საქართველომ.
რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთი აუცილებლად მიიღებს შესაბამის ზომებს, საქართველოსა და უკრაინის მიერ ევროკავშირის სანქციების მხარდაჭერის გამო.
რუსული მედიაის ცნობით, პესკოვმა აღნიშნა, რომ რუსეთმა შესაძლოა, უპასუხოს სანქციებს იმ ქვეყნების მხრიდან, რომლებიც ევროკავშირში არ შედიან, მაგრამ რუსეთის მიმართ მიღებულ სანქციებს შეუერთდნენ. "აუცილებლად მოყვება შესაბამისი ზომები", - განაცხადა პესკოვმა.