საქართველოს ელჩმა ჩინეთში, მონღოლეთსა და ვიეტნამის სოციალისტურ რესპუბლიკაში დავით აფციაურმა, ქ. ულან-ბატორში შეხვედრა გამართა მონღოლეთის საქარეო საქმეთა მინისტრთან ლუნდეგ პურევსურენთან.
შეხვედრის დროს, მონღოლეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის ტრადიციულ მეგობრულ ურთიერთობებს და ორმხირივი თანამშრომლობის სამომავლო განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტიული მიმართულების განვითარებაზე, სადაც პრიორიტეტი სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს ენიჭება.
საქართველოს ელჩმა ხაზი გაუსვა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით 2015 წლის ოქტომბერში დაგეგმილ თბილისის აბრეშუმის გზის საერთაშორისო ფორუმის მნიშვნელობას და მონღოლეთის მხარეს საქართველოს პრემიერის ოფიციალური მოწვევა გადასცა.
შეხვედრაზე, საქართველოს ელჩმა განსაკუთრებული ყურადღება რუსეთის საოკუპაციო ჯარის მიერ 2015 წლის 10 ივლისს განხორციელებულ მორიგ უკანონო ქმედებებზე გაამახვილა, რამაც გამოიწვია ოკუპირებული ტერიტორიის გაფართოვება და ბაქო-სუფსას ნავთობის მილსადენის გარკვეული ნაწილის ამ გაფართოებულ ტერიტორიაზე მოქცევა. ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნული ქმედება საერთაშირისო სამართლის ნორმების უხეში ხელყოფაა და ხელს უშლის ურთიერთობების ნორმალიზებას, მაშინ როდესაც საქართველოს მხარე მშვიდობიანი გზით ცდილობს არსებული პრობლემების მოგვარებას.
მონღოლეთის მხარემ კვლავ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა და აქცენტი გააკეთა მშვიდობიან მოლაპარაკებების მნიშვნელობაზე.
საქართველოს ელჩმა მონღოლეთის მხარეს თავისუფალი დემოკრატიული არჩევნების 25 წლისთავი მიულოცა და აღნიშნულ დღესასწაულთან დაკავშირებით მონღოლეთის საგარეო საქმეთა მინისტრს საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ მინისტრის და საგარეო საქმეთა მინისტრის სახელით სპეციალური მისალოცი წერილები გადასცა.