შვედური ინტერნეტ-გამოცემა „Expressen Ledare“-ის სტატიაში საუბარია საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე, 2008 წლის ომსა და ომის შემდგომ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების მიმდინარე ანექსიაზე.
სტატიის ავტორი რუსეთისადმი საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის დეესკალაციის პოლიტიკაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ამის მიუხედავად, ბოლო დროს რუსეთი გამოკვეთილი ნაბიჯებით განაგრძობს საქართველოს რეგიონების საკუთარი გავლენის ქვეშ მოქცევას. ავტორი ევროკავშირს აკრიტიკებს და აღნიშნავს, რომ საკმარისი ძალისხმევა არ არის მიმართული საქართველოს მხარდასაჭერად. „საქართველოს მთავრობა, ისევე როგორც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა, ნატოსთან და ევროკავშირთან თანამშრომლობას უჭერს მხარს, რაც რუსეთისთვის მიუღებელია.“- ნათქვამია პუბლიკაციაში.
სტატიის ავტორი მოუწოდებს შვედეთის მოსახლეობას და მთავრობას, უფრო მეტი ყურადღება გაამახვილონ რუსეთის იმპერიალისტურ პოლიტიკაზე, რადგანაც ეს საფრთხეს არა მხოლოდ საქართველოსა და უკრაინას, არამედ შვედეთსაც უქმნის.
„რა თქმა უნდა, საქართველოს და უკრაინას ისეთივე თვითგამორკვევის უფლება გააჩნიათ, როგორიც შვედეთს. ეჭვგარეშეა, რომ შვედეთის დამოუკიდებლობა საფრთხეშია, მაშინ როდესაც რუსეთი ცდილობს მუქარისა და ძალადობის გზით გააკონტროლოს მეზობელი ქვეყანა. ეს რომ კარგად გავიგოთ, ამისათვის საკმარისია მხოლოდ რუკას დავხედოთ’’ - წერს ინტერნეტ გამოცემა „Expressen Ledare“