საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ყოფილი დირექტორი გიორგი ციკოლია საქმიანობას საგარეო საქმეთა სამინისტროში გააგრძელებს და აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის თანამდებობას დაიკავებს.
მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ყოფილი დირექტორის სამუშაო გამოცდილება ეკონომიკური საკითხების მიმართულებით სხვადასხვა საქმიანობას აერთიანებს. 2014 წლის 5 აპრილიდან დღემდე ციკოლია ხელმძღვანელობდა მეწარმეობის განვითარების სააგენტოს, წლების განმავლობაში მუშაობდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ინვესტიციებისა და ექსპორტის პოლიტიკის კუთხით, იკავებდა დირექტორის პირველი მოადგილის პოზიციას საქართველოს ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოში და მოღვაწეობდა კერძო ორგანიზაციების წამყვან თანამდებობებზე, როგორც საქართველოში, ასევე კანადაში.
გიორგი ციკოლიას განათლება მიღებული აქვს უცხოეთში, კერძოდ, ფლობს ბრიტანული კოლუმბიის ტექნოლოგიის ინსტიტუტის (British Columbia Institute of Technology) ბიზნეს ადმინისტრირების დიპლომს (ვანკუვერი, კანადა) და აქვს მოსკოვის სახელმწიფო ღია უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხი საერთაშორისო ეკონომიკაში.