სპორტულ ტანვარჯიშში, თბილისი 2015-ის ფარგლებში, საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ დივიზიონში, ვაჟთა შორის გუნდურ შეჯიბრებაში ქართველებმა 152.100 ქულა დააგროვეს და სავარაუდო გამარჯვებულთა სამეულში მოხვდნენ.
პირველი დივიზიონის შედეგების მიხედვით, გუნდური ჩემპიონატის ლიდერი 163.700 ქულით რუსეთის გუნდია. მეორე ადგილზე, 162.300 ქულით საფრანგეთი გავიდა, მესამე ადგილს კი 152.100 ქულით ქართველები იკავებენ.
სპორტსმენმა დიმიტრი გოვოროვმა, რომელიც საქართველოს სახელით ასპარეზობს, ქართველთა შორის ყველაზე მაღალი შედეგი აჩვენა და ექვს იარაღზე ვარჯიშის შემდეგ 77.050 ქულა დააგროვა.
,, ერთადერთი რაც არ მომეწონა რგოლები იყო, ხელები კარგად ვერ ვატრიალე და ამან გარკვეულწილად შემაფერხა“ , - განაცხადა დიმიტრი გოვოროვმა.
საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ დივიზიონის ლიდერი 80.600 ქულით ესპანელი სპორტსმენი ჯოელ პლატა როდრიგესი გახდა.
მრავალჭიდის ფინალის მონაწილე 24 სპორტსმენის ვინაობისა და გუნდური შეჯიბრების გამარჯვებულების გამოვლენამდე მეორე და მესამე დივიზიონია დარჩენილი, რომლებიც შესაბამისად, 14:00 -ზე და 17:00 -ზე დაიწყება.