ესპანეთის სამეფომ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა. საგარეო უწყების ცნობით, დოკუმენტის რატიფიცირება უკვე მოახდინა 24 ქვეყანამ.
საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, 2015 წლის აპრილში ესპანეთის საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატამ - კონგრესმა მოახდინა შეთანხმების ავტორიზაცია, რის შემდგომაც 27 მაისს მოხდა მისი რატიფიცირება სენატში. საბოლოოდ, რატიფიცირების პროცესი დასრულდა ესპანეთის მეფე ფელიპე VI-ის მიერ ივლისის შუა რიცხვებში ხელმოწერის დასმით, რაც ოფიციალურად 28 ივლისს ეცნობა ბრიუსელს.
შეგახსენებთ, რომ საქართველო-ევროკაშირის ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება ევროკავშირის 28 წევრმა სახელმწიფომ უნდა მოახდინოს.
საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელი 27 ივნისს მოაწერა. ხელშეკრულებას ევროკავშირის მხრიდან ხელი ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზომ და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა ჰერმან ვან რომპეიმ მოაწერეს.ხოლო საქართველოს მხრიდან კი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართველოსა და ევროკავშირს შორის მოლაპარაკებები ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე ოფიციალურად დაიწყო 2010 წლის ივლისში (ხოლო ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის კომპონენტზე- 2011 წლის დეკემბერში).
მოლაპარაკებების პროცესში გაიმართა 14 პლენარული სესია შეთანხმების პოლიტიკურ ნაწილზე, 6 რაუნდი - ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო სივრცეზე და 100-მდე ვიდეო-კონფერენცია დარგობრივი თანამშრომლობის თავებსა და DC FTA-ზე. მოლაპარაკებები დასრულდა 2013 წლის ივლისში. ასოცირების შესახებ შეთანხმება 1000-მდე გვერდს მოიცავს და ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობის დაახლოებას ევროკავშირის 300-მდე სამართლებრივ აქტთან.