22-27 ივლისს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოადგილე მირიან ხოსიტაშვილი და ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი ლევან თაქთაქიშვილი სამუშაო ვიზიტით თურქეთში იმყოფებოდნენ.
ვიზიტის ფარგლებში სტამბოლსა და ინეგილში გაიმართა შეხვედრები თურქეთში მცხოვრებ ქართველთა სათვისტომოების ხელმძღვანელებთან. შეხვედრების დროს დაიგეგმა თურქეთში მცხოვრები ქართველების ციფრული ფოტომატიანეს შექმნა. ციფრული ფოტომატიანე ეროვნული ბიბლიოთეკისა და კომპანია ”ჯეოსელის” პროექტ ”ციფრული ფოტომატიანეს” ფარგლებში განხორციელდება. ბაზაში თურქეთში მცხოვრები ქართველების ”ციფრული ფოტომატიანე” ცალკე ბმულად გამოიყოფა. ვიზიტის მსვლელობისას ასამდე უნიკალური ფოტო უკვე გაციფრდა.
მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში დაიწყება თურქეთის ტერიტორიაზე საქართველოს შესახებ არსებული უნიკალური ისტორიული დოკუმენტების შესწავლა და დამუშავება. ამისთვის ეროვნული ბიბლიოთეკა თურქეთში სამუშაო ჯგუფის მივლინებას გეგმავს.
ეროვნული ბიბლიოთეკა ვიზიტის ორგანიზებაში მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის სტამბოლში არსებული ”ქართული ხელოვნების სახლის” ხელმძღვანელს გიორგი ირემაძესა და პროფესორ როზეტა გუჯეჯიანს.