საქართველოს პრეზიდენტი ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტს პატრიკ ჯოზეფ ჰიკს შეხვდა. შეხვედრისას მხარეებმა საქართველოში მიმდინარე ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი "თბილისი 2015"-ის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. გიორგი მარგველაშვილმა პატრიკ ჯოზეფ ჰიკს მადლობა გადაუხადა ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ქ. თბილისში ჩატარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.
ქვეყნის პირველმა პირმა ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი ქართული სპორტისა და ოლიმპიური მოძრაობის განვითარების, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საერთაშორისო ოლიმპიურ ოჯახში ინტეგრირებისა და 2015 წლის ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ქ. თბილისში ჩატარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, „ოქროს საწმისის ორდენით“ დააჯილდოვა.
დაჯილდოების ცერემონია საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა. შეხვედრას ასევე დაესწრნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე გიორგი აბაშიშვილი, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი და „თბილისი-2015“-ს საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსი ახვლედიანი.