საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მანანა კობახიძე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის (პარლამენტის) თავმჯდომარეს - ოგტაი ასადოვს და აზერბაიჯანის რესპუბლიკის დელეგაციას დახვდა.
სტუმრები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, ევროპის მეცამეტე ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის "თბილისი 2015" გახსნის ცერემოანიას დაესწრებიან.
დელეგაციის შემადგენლობაშია აზერბაიჯანის რესპუბლიკის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრის მოადგილე ისმაილ ისმაილოვი.
დღეს, 26 ივლისს, თბილისში სტარტს ევროპის მე-13 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი აიღებს.
თბილისი 2015-ის გახსნის ცერემონიალი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 20:15-ზე დაიწყება.
ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის ცნობით, გახსნის ცერემონიალი მოიცავს ოფიციალურ და შოუს ნაწილს.
ოფიციალურ ნაწილში სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი პატრიკ ჰიკი და თბილისი 2015-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსი ახვლედიანი გამოვლენ.
სტადიონზე მოსული მაყურებელი იხილავს მასშტაბურ ღონისძიებას, რომელშიც მონაწილეობას 1500 ადამიანი მიიღებს.
მიხეილ მესხის სტადიონზე მოხდევრა 19:00 საათამდე იქნება შესაძლებელი.
ხვალ, 27 ივლისიდან - 1-ელ აგვისტოს ჩათვლით შეჯიბრებები სპორტის 9 სახეობაში გაიმართება, რომლებშიც მონაწილეობას 50 ქვეყნის სპორტსმენები მიიღებს.
მაყურებელთათვის დასწრება თავისუფალია.