თბილისის საკრებულოს და მერიის გადაწყვეტილება სპორტის დარგში ქონების გადასახადის არსებული განაკვეთის 1000-ჯერ შემცირების შესახებ საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, ასევე სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თამარ მეფის სახელობის ცენტრალურ დარბაზში სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელებსა და სფეროს სხვა წარმომადგენლებს გააცნეს.
ღონისძიებას, საკრებულოს დეპუტატები და მერიის წარმომადგებლები ესწრებოდნენ.
„საკრებულომ ერთხმად, 35 ხმით არც ერთის წინააღმდეგ დაუჭირა პროექტს მხარი. დადგენილება ხელმოწერისთანავე შევიდა ძალაში. ჩვენს მომავალ თაობას, ჩვენს ახალგაზრდობას დიდი ასპარეზი აქვს წარმატების მისაღწევად. ამგვარი გადაწყვეტილებები ქვეყანაში სპორტის სფეროს განვითარებას და ჯანსაღი თაობის აღზრდას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.
მისივე თქმით, აქამდე არსებული განაკვეთით, სახელმწიფო და კერძო სპორტულ ორგანიზაციებს ქონების გადასახადის ნაწილში დიდი საგადასახადო ვალდებულებები უგროვდებოდათ. აღნიშნული დავალიანების დაფარვა სპორტის დარგში საქმიანობიდან თითქმის შეუძლებელია. შეღავათიანი განაკვეთის დადგენა სპორტის დარგის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.
თბილისის საკრებულოს თამარ მეფის სახელობის ცენტრალურ დარბაზში შეკრებილ საზოგადოებას გიორგი ალიბეგაშვილის, ტარიელ ხეჩიკაშვილისა და დავით ნარმანიას შემდეგ, საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარე რიმა ბერაძე მიესალმა და ყველას, ვინც პროექტთან დაკავშირებული ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდა მადლობა გადაუხადა.
„მიმაჩნია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ვალდებულნი ვართ მხარი დავუჭიროთ ისეთ ღონისძიებებს, რომლებიც ჩვენს ახალგაზრდობას შორის ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს.
აღფრთოვანებული ვარ, როდესაც ოლიმპიადისათვის განკუთვნილ ობიექტებს ვხედავ. უმთავრესი ამოცანაა - 26 ივლისს დაწყებული გრანდიოზული ღონისძიებები სამაგალითოდ ჩავატაროთ და 50-მდე ქვეყნის წარმომადგენელს ღირსეულად ვუმასპინძლოთ. დიდი მადლობა საკრებულოსა და მერიის ყველა წარმომადგენელს, რომელსაც ამ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების მიღებაში მიუძღვის წვლილი“, - განაცხადა რიმა ბერაძემ.
ცვლილება თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადის შემოღების შესახებ დადგენილებაში შევიდა, რომლის მიხედვით, სპორტის დარგში ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი 1%-ის ნაცვლად 0,001% იქნება. აღნიშნული განაკვეთი უკვე ძალაშია და 2017 წლის 1 იანვრამდე შენარჩუნდება. საგადასახადო შეღავათი სახელმწიფო ან კერძო სპორტული ორგანიზაციის ბალანსზე აღიცხულ ქონებას, კერძოდ, სპორტულ დარბაზებს, საფეხბურთო სტადიონებს, საცურაო აუზებს, და სხვა სპორტულ ობიექტებს შეეხება.
გადასახადის შეღავათიანი განაკვეთის დადგენის მოთხოვნით ადგილობრივ თვითმმართველობას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, სპორტული ფედერაციების, საფეხბურთო კლუბების, სხვა სახელმწიფო და კერძო სპორტული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიმართეს.