თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ველორბოლაში საგზატკეცილო შეჯიბრისთვის ტრასა გაიხსნა. ტრასის გახსნას „თბილისი 2015“-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსი ახვლედიანი, თბილისის მერი დავით ნარმანია და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი დაესწრნენ.
თბილისში, ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ფარგლებში, ველოსპორტში სულ 4 შეჯიბრი გაიმართება - ორი გოგონათა, ორი კი ჭაბუკთა შორის.
პირველი რბოლა 28 ივლისს ინდივიდუალურ შეჯიბრში, 13:00 საათზე გოგონათა შორის გაიმართება, 14:00 საათზე კი - ვაჟთა შორის. 30 ივლისს, 13:00 საათზე, დიღმის ტრასაზე სტარტს აიღებს საგზატკეცილო რბოლა გოგონათა შორის, ხოლო 16:00 საათზე ჭაბუკთა შორის.
ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ფარგლებში აშენდა ევროპული სტანდარტების შესაბამისი 7 ახალი სპორტული არენა, განახლდა 3 სპორტული არენა, 5 სატრენინგო ობიექტს კი სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა; როგორც „თბილისი 2015“-ის საორგანიზაციო კომიტეტში აცხადებენ, ამ დროისთვის ყველა არენა უკვე ოფიციალურად გახსნილია და მზად არის, ღირსეულად უმასპინძლოს როგორც ჩამოსულ, ისე ადგილობრივ სპორტსმენებს.