საერთაშორისო სპორტული ღონისძიების მნიშვნელობაზე იმსჯელეს საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტის პატრიკ ჰიკის შეხვედრაზე.
ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტმა კმაყოფილება გამოთქვა ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის გაწეული სამუშაობის გამო და საქართველოს მთავრობის მეთაურს მადლობა გადაუხადა.
„მოვინახულე სპეციალურად ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის აშენებული და განახლებული ინფრასტრუქტურა. ძალიან კარგი შედეგი ვიხილეთ, ოლიმპიური ობიექტები შეესაბამება საერთასორისო სტანდარტებს. ყველაფერი არის მაღალ დონეზე შესრულებული,“–აღნიშნა პატრიკ ჰიკმა შეხვედრაზე.
მისივე განცხადებით, ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის დღეებში, თბილისს სპორტსმენებთან ერთად, მათი მშობლები და გულშემატკივრები ეწვევიან, რაც არის კარგი საშუალება საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესაფასებლად.
პრემიერის პრესამსახურის ცნობით, შეხვედრას სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი და „თბილისი 2015“–ის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელი ალექსი ახვლედიანი დაესწრნენ.