დეპუტატები პროკურატურის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებებზე კამათობენ. კანონპროექტის განხილვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მიმდინარეობს.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, დაგეგმილი ცვლილებების შედეგად, პროკურატურა დროთა განმავლობაში ერთ კონკრეტულ ადამიანზე არ იქნება მორგებული.
ამ განცხადებას ოპოზიციონერი დეპუტატი შალვა შავგულიძე გამოეამაურა, რომელიც მიიჩნევს, რომ ცვლილებები დიდი საფრთხის შემცველია და ის ვენეციის კომისიის დასკვნას არ ასახავს.
რაც შეეხება კომიტეტის თავმჯდომარეს ვახტანგ ხმალაძეს, მისი მტკიცებით, მთავარი პროკურორის თანამდებობაზე მოხსნა-დანიშვნის საკითხთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება ვიზა-ლიბერალიზაციის პროგრამის ნაწილია.
"ჩემთვის მოულოდნელად აღმოჩნდა ის, რომ მთავარი პროკურორის თანამდებობაზე განწესებისა და მისი გათავისუფლების საკითხი, ეს ვიზა-ლიბერალიზაციის პროგრამის ნაწილია. მაისის დასკვნაში პირდაპირ არის აღნიშნული, რომ ეს უნდა გაკეთდეს", - განაცხადა ხმალაძემ.
მისივე განმარტებით, პარლამენტი საკანონმდებლო ცვლილებებს ახლა პირველი მოსმენით იმ პირობით მიიღებს, რომ სექტემბერში მასზე მუშაობა დასრულდება.
შეგახსენებთ, პროექტის მიხედვით, მთავარი პროკურორის თანამდებობაზე დანიშვნაში ჩართული იქნება ე.წ. საპროკურორო საბჭო, ასევე საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება.
ამასთან, როგორც იუსტიციის სამინისტრო განმარტავს, ვენეციის კომისიისა და უცხოელი ექსპერტების რეკომენდაციების გათვალისწინებით, განხორციელდა პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო ცვლილებების თავდაპირველი ვარიანტის კორექტირება. კერძოდ, საპროკურორო საბჭო 9-ის ნაცვლად, 15-წევრით დაკომპლექტდება, რომელთაგან 8 წევრს საქართველოს პროკურორთა კონფერენცია, წარმომადგენლობითობის პრინციპის დაცვით აირჩევს. 8 წევრიდან 1/4 მაინც უნდა იყოს განსხვავებული სქესის. დანარჩენი წევრები არიან: ერთი დეპუტატი საპარლამენტო უმრავლესობიდან, ერთი დეპუტატი პარლამენტის იმ წევრებიდან, რომლებიც უმრავლესობაში არ შედიან, ორი მოსამართლე, რომელთაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო შეარჩევს, ორი წარმომადგენელი აკადემიური წრეებიდან და სამოქალაქო საზოგადოებიდან, რომელთაც აირჩევს პარლამენტი იმავე კრიტერიუმებისა და წესების დაცვით, რომლითაც აირჩევიან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი წევრები. საბჭოს იუსტიციის მინისტრი უხელმძღვანელებს. ასევე, კორექტირებული ვარიანტით, საპროკურორო საბჭოს წინადადება - მთავარი პროკურორის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, აღარ წარედგინება მთავრობას და პირდაპირ პარლამენტში გადაიგზავნება.
ოპოზიცია "პროკურატურის შესახებ" საკანონმდებლო პროექტის განხილვის გადადებას ითხოვს. იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებულ საკანონმდბელო პაკეტს კომიტეტი პირველი მოსმენით იხილავს და პირველი მოსმენითვე მისი სესიაზე გატანა იგეგმება.