თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე - გიორგი ალიბეგაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე - გიორგი ტყემალაძე და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე - ქეთევან ჯოხაძე „მზიურის" ტერიტორიაზე მდებარე ევროპული სტანდარტების შესაბამისი ჩოგბურთის კორტების გახსნის საზეიმო ცერემონიალს დაესწრნენ.
უმაღლესი დონის საჩოგბურთო ბაზა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა. საზეიმო ღონისძიებას მთავრობის წევრები, დედაქალაქის მერი დავით ნარმანია, მოხალისეები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. გიორგი ალიბეგაშვილმა, გიორგი ტყემალაძემ, ქეთევან ჯოხაძემ პრემიერთან, მერთან და მთავრობის წევრებთან ერთად ჩოგბურთის კორტები, ადმინისტრაციული შენობა, გასახდელები, საშხაპეები, სატრენაჟორო დარბაზები და ტერიტორიაზე აგებული ობიექტები მოინახულეს. „ეს არის ბოლო სპორტული ობიექტის პრეზენტაცია, რომელიც სპეციალურად ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის აშენდა. ჩემთვის, როგორც ჩოგბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტისთვის ჩვენი ქალაქისთვის ამ უმნიშვნელოვანესი ობიექტის გახსნა ორმაგად უფრო სასიხარულოა. როგორც ვნახეთ, ჩოგბურთის კორტები უმაღლესი დონისაა. იმედი მაქვს, რომ ეს ობიექტი აუცილებლად შეუწობს ხელს ჩოგბურთის პოპულარიზაციას როგორც თბილისში ასევე მთელს საქართველოში“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ. საჩოგბურთო ბაზა უმაღლესი დონის 9 ღია და 2 დახურულ ჩოგბურთის კორტს მოიცავს. პროექტის ჯამური ღირებულება 6,5 მილიონი ლარია.