ლიტვის ახლად დანიშნულმა ელჩმა გიედრიუს პოაჯუნასმა რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა საქართველოს საგარეოს საქმეთა მინისტრის მოადგილეს გიგი გიგიაძეს.
რწმუნებათა სიგელების ასლების გადაცემის ცერემონიის შემდეგ გაიმართა მინისტრის მოადგილის შეხვედრა გიედრიუს პოაჯუნასთან. გიგი გიგიაძემ მიულოცა ელჩს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა და უსურვა მას წარმატებული საქმიანობა საქართველოში.
მინისტრის მოადგილემ და ელჩმა კმაყოფილება გამოთქვეს ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების გამო. გიგი გიგიაძემ აღნიშნა, რომ ლიტვა არის საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და ერთგული მხარდამჭერი ქვეყანა და მადლობა გადაუხადა ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისათვის. ელჩმა თავის მხრივ კვლავ დაადასტურა ლიტვის მზადყოფნა, გაუწიოს ექსპერტული და პრაქტიკული დახმარება საქართველოს სხვადასხვა სექტორში, სადაც ლიტვას მდიდარი გამოცდილება გააჩნია.
მინისტრის მოადგილემ და ელჩმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები, მოსალოდნელი მაღალი დონის ვიზიტები და დასახეს სამომავლო თანამშრომლობის გეგმები.
ორმხრივი ურთიერთობების გარდა, შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური დღის წესრიგის მნიშვნელოვან საკითხებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას და ბოლო დღეებში რუსეთის მიერ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ რუსეთის მიერ განხორციელებულ დესტრუქციულ ქმედებებს.