თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მხარდაჭერით და საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ორგანიზებით, საბილიარდე კლუბ „რიო“-ში, ქალთა ინტეგრირებული ტურნირი „თანადგომა 2015“ გაიხსნა.
ღონისძიებას საკრებულოს თავმჯდომარე - გიორგი ალიბეგაშვილი, ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარე - რიმა ბერაძე, საკრებულოში მოქმედი სამი კომისიის თავმჯდომარე - ქეთევან ჯოხაძე, შორენა ბუხრაშვილი და გულიკო ზუმბაძე ესწრებოდნენ.
გიორგი ალიბეგაშვილმა და დეპუტატმა ქალებმა მონაწილეებს სიტყვით მიმართეს, ქალთა ინტეგრირებული სპორტული ტურნირის დაწყება მიულოცეს და წარმატება უსურვეს.
„ქალთა ინტეგრირებული ტურნირის გახსნის ცერემონიალში მონაწილეობა ჩვენთვის დიდი პატივია. ტურნირის ჩატარება სპორტის რამდენიმე სახეობაში კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს. საკრებულო მუდამ იდგა ამ ადამიანების გვერდით და ეს მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება“, - განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.
ქალთა ინტეგრირებულ ტურნირში მონაწილეობა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის და აპარატის თანამშრომლებმა მიიღეს.
ქეთევან ჯოხაძემ ღონისძიებაზე აღნიშნა, რომ სპორტულ კვირეულში მონაწილეობით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალებმა დაადასტურეს - მათთვის შეუძლებელი არაფერია.
„მოხარული ვარ, რომ ეს ღონისძიება შედგა. ტურნირში 10 გუნდი მონაწილეობს, თითოეულ გუნდში 7-8 მონაწილეა. შეჯიბრებები სპორტის ოთხ სახეობაში: ბილიარდში, მაგიდის ჩოგბურთში, ტყვიის სროლასა და ჭადრაკში - 21 ივლისიდან 9 აგვისტომდე - ჩატარდება. წარმატებას ვუსურვებ ამ ადამიანებს, რომლებისთვისაც შეუძლებელი მართლაც არაფერია“, - განაცხადა ქეთევან ჯოხაძემ.