მარიხუანას დეკრიმინალიზაციასთან დაკაშირებით კანონპროექტის განხილვა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე ხმაურით მიმდინარეობს. სხდომაზე ერთმანეთს საპარლამენტო უმრავლესობის და უმცირესობის წევრები რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ. თუმცა, საკითხის განხილვას არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და ექიმ-ნარკოლოგებიც ესწრებოდნენ.
შსს-ს წარმომადგენლის გამოსვლას, რომელიც აცხადებდა, რომ საქართველოს "დაბალანსებული ნარკოპოლიტიკა" სჭირდება, მოძრაობა ,,2 ივნისის” წარმომადგენლებისგან ამ მცნების განმარტების მოთხოვნა მოჰყვა. შსს-ს წარმომადგენელმა გამოსვლა შეწყვიტა და კომიტეტის თავმჯდომარეს დიმიტრი ხუნდაძეს მოუწოდა, შესაბამისი ზომები მიეღო. ხუნდაძემ მანდატური გამოიძახა და უთხრა, მოძრაობის წევრი ლექსო მაჭავარიანი დარბაზიდან გაეყვანა.
შსს-ს წარმომადგენელმა კი განაცხადა, რომ არ არსებობს კვლევა, თუ რას გამოიწვევს მარიხუანას დეკრიმინალიზაციის შესახებ კანონპროექტის განხორციელება ქვეყანაში. მისივე მტკიცებით, საქართველოს გაეროს-თან ვალდებულება აქვს აღებული, რომ ქვეყანაში არ მოხდეს მარიხუანას დეკრიმინალიზაცია.
ამის გამო, შსს-ს წარმომადგენელს პაატა საბელაშვილმა მატყუარა უწოდა და ჰკითხა, გაერო ითხოვს თუ არა მარიხუანას მოხმარებისთვის ციხეში ჩასმას. რის შემდეგაც, სხდომა საბელაშვილმაც დატოვა.
საკითხის განხილვა კომიტეტის სხდომაზე კამათის და ხმაურის ფონზე ამ წუთებშიც მიმდინარეობს.