საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ირლანდიაში გიორგი ზურაბაშვილმა დუბლინში შეხვედრა გამართა მსოფლიო რაგბის პრეზიდენტთან ბერნარდ ლაპასესთან. რაგბის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტმა შეხვედრის ფარგლებში აღნიშნა, რომ საქართველოს ნაკრები უდავოდ რეგიონალური ლიდერია, რომელიც მომავალში უფრო დიდ წარმატებას მიაღწევს. ბერნარდ ლაპასემ ასევე ისაუბრა საქართველოში არსებულ კარგ ინფრასტრუქტურასა და სავარჯიშო მოედნებზე, რაც ქართული რაგბის განვითარებას უწყობს ხელს. მხარეებს შორის საუბარი აგრეთვე შეეხო 2017 წლის 20 წლამდე მორაგბეთა მსოფლიო ჩემპიონატს, რომელსაც საქართველო მასპინძლობს.
შეხვედრის ფარგლებში ბერნარდ ლაპასემ რაგბის საერთაშორისო საბჭოსა და საქართველოს საელჩოს შორის მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.