1963 წელს ,,Alexander Schuke Postdam’’-ის მიერ თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში დამონტაჟდა და საზეიმოდ გაიხსნა 3 მანუალიანი და 40 რეგისტრიანი ორღანი, რომლის ტემბრული და რეგისტრული თავისებურებები დარბაზის აკუსტიკაზე იყო გათვლილი. აღნიშნული ორღანი ერთდერთია პოსტ-საბჭოთა სივრცეში. 1998 წელს საქართველოს პარლამენტისა და გერმანიის რესპუბლიკის ერთობლივი ძალისხმევით კომპანიამ ,,Alexander Schuke Postdam’’ განახორციელა რესტავრაცია. რესტავრაციაზე უშუალოდ ალექსანდრე შუკეს შთამომავალი მუშაობდა. 2012 წელს ორღანის გაუმართავობის გამო, კვლავ შეფერხდა მასზე საკონცერტო შესრულება. მოწვეულ იქნა ,,Alexander Schuke Postdam’’ის ექსპერტი, კომპანიის საგვარეულოს შთამომავალი მათიას შუკე, რომალმაც დაადგინა, რომ ორღანი სასწრაფო შეკეთებას საჭიროებდა.
კულტურის სამინისტროს შუამდგომლობით საქართველოს მთავრობამ 2015 წლის 4 ივნისს გამოსცა სახელმწიფო ორკესტრების, მუსიკალური ცენტრების, სახელოვნებო სასწავლებლების და ანსამბლების, შემოქმედებითი და სასწავლო-საგანმანათლებლო საქმიანობისთვის საჭირო საქონლისა და მომსახურების შესყიდვის გამარტივებული წესითგანხორციელების თაობაზე N1149 განკარგულება.
ამის საფუძველზე თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიას მიენიჭა უფლება გააფორმოს ხელშეკრულება ზემო აღნიშნულ კომპანიასთან „Alexander Schuke Postdam”.
მიმდინარე წლის ივნისში კონსერვატორიასა და კომპანია „Alexander Schuke Postdam”-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, ივლისში კონსერვატორიაში ჩამოვიდნენ კომპანიის სპეციალისტები და დაიწყეს ორღანის კაპიტალური შეკეთება.
სარემონტო სამუშაოები აგვისტოს ბოლომდე გასტანს.