საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის ვან ბაიბურთის განცხადებით, ეროვნული უმცირესობების უფლებები მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში ისე არაა დაცული, როგორც საქართველოში. აღნიშნული განცხადებით ვან ბაიბურთი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის გამოსვლას გამოეხმაურა.
"როგორც ჩანს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს თავის თანამშრომლები საქართველოში ეროვნული უმცირესობების შესახებ არასწორ ინფორმაციას აწვდიან ან ლავროვი მიზანმიმართულად ცრუობს, რომ ჩვენს ქვეყანას საერთაშორისო ასპარეზზე სახელი შეულახოს. მინდა თბილისიდან ლავროვს შევახსენეო, რომ ხელისუფლება ქვეყნის ტერიტორიაზე არსებულ 500-მდე სომხურ, რუსულ და აზერბაიჯანულ საჯარო სკოლას აფინანსებს და ამ კუთხით საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომლიც ეთნიკური უმცირესობის სკოლებს სახელმწიფო დაფინანსებას უწევს", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას ბაიბურთმა.
მისი განაცხადებით, როდესაც ევროსაბჭო ეროვნულ უმცირესობების შესახებ რეზოლუციას იღებს, სწორედ საქართველოს მაგალითით ხელმძღვანელობს.
"აღსანიშნავია, რომ საქართველოში ეროვნულ უმცირესობებს რელიგიური თვალსაზრისითაც არანაირი შეზღუდვა არ აქვთ. ბოლო 5-6 წლის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლში და სხვა რეგიონებში არაერთი სომხური ეკლესია და მუსულმანური მეჩეთი გაიხსნა. მარტო თბილისში 3 რუსულენოვანი, სომხური და აზერბაიჯანული თეატრია. ამასთან, ერთადერთი ქვეყანაა საქართველო, სადაც ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში უფლებას აძლევს, უნარ-ჩვევები მშობლიურ ენაზე ჩააბარონ, რის შემდეგაც მათ ქართულ ენას 5 წლის განმავლობაში ასწავლიან", - აღნიშნა ბაიბურთმა.
შეგახსენებთ, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა საქართველოს ხელისუფლება ეროვნული უმცირესობების შევიწროებაში დაადანაშაულა.
"საქართველოს ახლანდელ ტერიტორიაზე ეროვნული უმცირესობების პრობლემა ძალიან მწვავედ დგას და იმედი მაქვს, რომ ევროსაბჭო ამ საკითხით დაკავდება. უბრალოდ, იქ მცხოვრებ ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს ევროსაბჭოში ჩივილის ეშინიათ, იმიტომ, რომ საქართველოს შეუძლია, როგორც ხალხი ამბობს, მათ "ჟანგბადი გადაუკეტოს". თუმცა მათ ძალიან ბევრი პრობლემა აქვთ", _ განაცხადა ლავროვმა სტრასბურგში სიტყვით გამოსვლისას.