საქართველოს საფეხბურთო ნაკრები 25 მაისს კამერუნთან ამხანაგურ მატჩს გამართავს. თემურ ქეცბაის გუნდი კამერუნს ავსტრიის ქალაქ ლინცში დაუპირისპირდება.
ეროვნული გუნდი ამხანაგურ მატჩამდე ავსტრიაში რამდენიმე დღით ადრე ჩავა. გამორიცხული არაა „ჯვარსონებმა" თამაშამდე შეკრება ავსტრიაშივე გაიარონ. ეს საკითხი გადაწყვეტის სტადიაშია.
ფეხბურთის ფედერაცია კი მოლაპარაკებას სხვა ქვეყნებთანაც მართავს. ქეცბაიას გუნდს მაისის მიწურულს კიდევ ერთი ამხანაგური თამაშის გამართვა სურს.
კამერუნის ნაკრები კი მსოფლიოს ჩემპიონატზეა გასული და საქართველოს ნაკრებთან თამაშს მოსამზადებელ ეტაპად გამოიყენებს.
ცნობილი ფრანგი მწვრთნელის პოლ ლე გენის გაწვრთნილი გუნდი ფიფას რეიტინგში მე-20 ადგილზეა. ბოლო საკონტროლო მატჩი კი იტალიის ნაკრებთან სტუმრად გამართა და მოქმედ მსოფლიოს ჩემპიონ იტალიას 0:0 ეთამაშა.
კამერუნის ნაკრების ბირთვს ევროპაში მოთამაშე ლეგიონერები წარმოადგენენ. გუნდის უდავო ლიდერი კი მილანის „ინტერის" თავდამსხმელი სამუელ ეტოოა.