Straight Line Persuasion (დარწმუნების ხელოვნება) - ამ სახელწოდების პროგრამით უოლ სთრითის ნამდვილი მგელი, ჯორდან ბელფორტი თბილისში მასტერკლასს გაუძღვება, რომელსაც საფინანსო და საინვესტიციო კომპანია ”ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი” წარადგენს.
მასტერკლასი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში შედგება. ბილეთები კი ივლისიდან გაიყიდება, ვებგვერდზე - www.wallstreet.ge.
ჯორდან ბელფორტი ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი და მოთხოვნადი სპიკერია მსოფლიოში. წლის განმავლობაში, ის 5-6 ქვეყანას სტუმრობს და მსმენელს გამოცდილებასა და გაყიდვების საუკეთესო მეთოდებს უზიარებს. ბელფორტის მასტერკლასებს ძირითადად ესწრებიან გაყიდვებისა და მარკეტინგის, ასევე ბრენდინგის, ბიზნესის განვითარებისა და მართვის სპეციალისტები და ლიდერები.
უოლ სთრითის მგელი ბრონქსში დაიბადა. 90-იან წლების დასაწყისში, დაარსა კომპანია ”Stratton Oakmont”. 1998 წელს, ის თაღლითობისთვის დააკავეს. გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან თანამშრომლობის შედეგად, პატიმრობაში მხოლოდ 22 თვე დაჰყო. გარდა იმისა, რომ ოფიციალური მილიონერია, 2013 წლამდე სწორედ პატიმრობა იყო ბელფორტის ცხოვრების მთავრი მოვლენა.
2013-ში კი მისი როლი ლეონარდო დიკაპრიომ ითამაშა მარტინ სკორსეზეს ფილმში ”უოლ სთრითის მგელი”, რომელიც ამავე სახელწოდების წიგნის მიხედვით იქნა გადაღებული. თავად წიგნი კი ბელფორტის მემუარებს ეფუძნება.
დღეს, ჯორდან ბელფორტის საგანმანათლებლო-სამოტივაციო პროგრამა სახელწოდებით Straight Line Persuasion - ერთ-ერთი ყველაზე მაღალმოთხოვნადია მსოფლიოში. მსნემელი, ბელფორტის გამოცდილების გარდა, იძენს ცოდნას პირდაპირი გაყიდვებისა და დამარწმუნებელი კომუნიკაციის საუკეთესო მეთოდების შესახებ. ბელფორტის მიმდინარე წლის კალენდარშია სან პაულო, ფრანკფურტი, მოსკოვი, მელბურნი და ბანგკოკი. 2015 წლის ტურნეს, ჯორდან ბელფორტი 28 ნოემბერს თბილისის მასტერკლასით დაასრულებს.