შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, რუსი ოკუპანტების მიერ ე.წ. საზღვარი არ გადმოწეულა. როგორც მთავრობის სხდომის შემდეგ ზაქარეიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, ყველაფერი კანონის ფარგლებში ხდება.
ადმინისტრაციული საზღვრების გარეთ არ გადმოსულა არც ერთი ბანერი, არც ერთი მავთუხლართი.
,,ყველა ბანერი, ყველა მავთულხლართი, რაც კი აღმართულა, დამდგარა, გადაწეულა, გადმოწეულა, ეს ხორციელდება ოკუპირებული ტერიტორიის ფარგლებში, ანუ იმ კანონის ფარგლებში, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" დროს დადგინდა. ანუ, ოკუპირებული ტერიტორიის გარეთ, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის გარეთ, ადმინისტრაციული საზღვრების გარეთ არ გადმოსულა არც ერთი ბანერი, არც ერთი მავთუხლართი. ბაქო-სუფსის ნაწილი ახლა არ მოქცეულა იქ. ყოველთვის იყო, როგორც კი გაყვანილი იქნა ბაქო- სუფსის მილსადენი, გაყვანილი იქნა იმ ტერიტორიაზე, რომელიც ითვლებოდა ყოფილი სახმრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიად. 2008 წლამდე აკონტროლებდა საქართველოს მხარე, შემდეგ უკვე საოკუპაციო ჯარები. ეს, დაახლოებით, ისეთი რაღაცაა, წარწერა რომ გაჩნდეს კარზე, რომ იქ ცხოვრობს ზაქარეიშვილი, რომელიც ყოველთვის ცხოვრობდა. ამ ბანერმა საქართველოში შექმნა გარკვეული რაღაც ვნებათაღელვა იმაზე, რაც უკვე დიდი ხანია არსებობს, რაც ახლა ხდება, ეს ხდება 2008 წლის აგვისტოდან",-განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ან ბრასორი შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში ადმინისტრაციული საზღვრის შეცვლის გამო.
„შევიტყვე უაღრესად შემაშფოთებელი ინფორმაცია საქართველოს სეპარატისტული რეგიონის - სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის ცალმხრივად შეცვლისა და იქ უწყვეტად მიმდინარე ბორდერიზაციის პროცესის შესახებ, რომელსაც რუსეთის შეიარაღებული ძალები ახორციელებენ. განსაკუთრებით საგანგაშოა ის გარემოება , რომ ეს ქმედებები ხორციელდება ბაქო-სუფსის მილსადენის სიახლოვეს, რომელსაც გადამწყვეტი ეკონომიკური მნიშვნელობა აქვს რეგიონისთვის“ - აღნიშნა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ანა ბრასერმა, რომლის განცხადებას საგარეო უწყება ავრცელებს.